რიკოთის პირველ მონაკვეთზე 170 ჭაბურღილი იყო მოწყობილი გეოლოგიური კვლევისთვის
3 აპრილი 2023რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა და მისმა მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა ბრიფინგი გამართეს. მათ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს და რიკოთის უღელტეხილზე ჩატარებულ გეოლოგიურ კვლევებზე, მშენებლობის ხარისხზე და სამშენებლო პროცესის ვადებზეც ისაუბრეს.
„როდესაც რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა გადაწყდა, საპროექტო გადაწყვეტების მიღებამდე წინასწარ, დაახლოებით 170 ჭაბურღილი იყო მოწყობილი გეოლოგიური კვლევისთვის უშუალოდ რიკოთის პირველ მონაკვეთზე. მხოლოდ ამის შემდგომ მომზადდა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილება და დაიგეგმა და გაკეთდა პროექტი“- აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
მისი თქმით, რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველი მონაკვეთი, რომლის მიმდებარედაც არის განვითარებული მეწყრული პროცესი, მომზადებულია ამერიკულ-თურქული, მსოფლიოში ერთი-ერთი საუკეთესო კონსორციუმის მიერ.
„ეს არის გზიდან მოშორებით განვითარებული პროცესები. თუმცა, ჩვენ როდესაც სამუშაოებს ვაწარმოებთ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მიმდებარე ტერიტორიებსაც. თოვლის დნობის შედეგად გამოვლინდა ახალი ნაპრალები, რომელიც გახდა სარისკო და ამიტომ ჩავრთეთ დამატებითი, მათ შორის, საერთაშორისო სპეციალისტები. ამ მონაკვეთზე მოძრაობის აღსადგენად გვჭირდება პირველადი კვლევების შედეგები, რაც კვირის ბოლომდე უკვე გვექნება“- განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა.
გიორგი წერეთელმა რიკოთის პროექტის სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე და ვადებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროექტს გამოცდილი საერთაშორისო კომპანიები აშენებენ და ზედამხედველობენ და სამუშაოები რიკოთის პროექტის ოთხივე მონაკვეთზე აქტიურად გძელდება.
„რიკოთი არის გეოგრაფიულად და რელიეფურად ყველაზე რთული მონაკვეთი მშენებლობისთვის. აღნიშნული მონაკვეთის ყველა მშენებარე კომპანია შერჩეულია საერთაშორისო სატენდერო პროცედურების მკაცრი დაცვით და ამ პროცედურებს აკვირდებიან შესაბამისი დონორი ორგანიზაციები. ყველა კომპანია, რომელიც აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს არის შესაბამისი გამოცდილების, რომელიც არაერთ ქვეყანაში ახორციელებს მსგავს პროექტებს. რაც შეეხება სამუშაოების ხარისხის ზედამხედველობას, ამას, ასევე, ამოწმებს შესაბამისი სატენდერო პროცედურებით შერჩეული საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია. ესენი არიან კორეული, ფრანგული, თურქული, იტალიური კომპანიები, რომლებსაც ჰყავთ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები და აქვთ დიდი გამოცდილება“.
გიორგი წერეთელმა აღნიშნა ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის სხვა მონაკვეთებზე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და 149-ე კმ-ზე მიმდინარე კვლევების ხელს არ შეუშლის მთლიანი პროექტის სამუშაო პროცესს და მისი დასრულების ვადებს.